მუზეუმი ერთი წლისაა

01 იანვარი - რუსთაველის #7
28
სექ
საერთაშორისო გამოფენა
განთავსდა: 28 სექტემბერი

მუზეუმი ერთი წლისაა

2 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დაარსებიდან 1 წელი გადის.

მუზეუმი ერთი წლისაა

დაბადების დღეს მუზეუმი 2 ოქტომბერს, 19 საათზე თანამედროვე არტისტების ჯგუფური გამოფენით და კამერული მუსიკის კონცერტით აღნიშნავს.

დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, ძველ თბილისს და მუზეუმის ადგილას, საუკუნის წინ მდგარ სასტუმრო “ორიანტს” ფოიეში ერმაკოვის ფოტოკოლექცია გააცოცხლებს.

დროებითი საგამოფენო დარბაზი ახალი თაობის არტისტების გამოფენას - „კონტრაპუნქტი“ დაეთმობა. კამერული მუსიკის კონცერტს მოწვეული სტუმრები ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ დაესწრებიან.

 

კონცერტის რეპერტუარი ქართულია. მასში მონაწილეობენ: დავით ალადაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ირაკლი ევსტაფიშვილი.

გამოფენა - კონტრაპუნქტი

 

ახალგაზრდა არტისტების ჯგუფური ექსპოზიცია „კონტრაპუნქტი“, კონსტანტინე ბოლქვაძის კურატორობით, იქნება ერთგვარი ხიდი, დიალოგის მცდელობა - თანამედროვე ხელოვანებსა და ძველი თაობის მხატვრებს შორის. გამოფენის იდეაა, კომუნიკაციის ამ ფორმით მოხდეს საბჭოთა, პოსტსაბჭოთა და 2000-იანი წლებიდან დღემდე არსებული სახელოვნებო სივრცის გადააზრება. სოცრეალიზმის სტილი, “მხატვართა სახლის” თაობის ხელოვნება და დამოუკიდებელ საქართველოში ფორმირებული ტენდენციები - ამ განვითარებას მკაფიოდ წარმოჩენენ გამოფენაში მონაწილე ახალი თაობის არტისტები:

• ნინა ახობაძე

• ნინუკა საკანდელიძე

• ნინო ზირაქიშვილი

• მაია ბარათაშვილი

• მერაბ გუგუნაშვილი

 

მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდა არტისტებს განათლება მიღებული აქვთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ზოგიერთი მათგანი აქტიურად არის ჩართული დასავლეთ ევროპის სამხატვრო პროცესებში. თანამედროვე ქართული ხელოვნების ჩამოყალიბებაში მათ თავიანთი წვლილი აქვთ და საკუთარ სიტყვას ახალი კონცეპტუალური გამოფენებით ამბობენ.

 

ფერწერა, ნახატი ობიექტი, ინსტალაცია, ტექსტილი, კერამიკა, სკულპტურა - ექსპოზიციის სტილური მრავალფეროვნება განპირობებულია პოსტმოდერნისტული სახვითი ენით. სწორედ დიალოგის ეს ფორმა წარმოაჩენს სხვაობას ესთეტურ ხელოვნებასა და კონცეპტუალურს შორის.

გამოფენის კონცეფცია - კონტრაპუნქტი თავის თავში მოიცავს რამდენიმე დამოუკიდებელი მელოდიის ჰარმონიულ თანაარსებობას. ეკლექტური ექსპოზიცია მიმართულია ძველი და ახალი თაობის არტისტებს შორის არარსებული კომუნიკაციის დამყარებისკენ. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივი კოლექციის პარალელურად, კიდევ უფრო საინტერესო იქნება თანამედროვე ქართული ხელოვნების აღქმა ჩვენს სივრცეში. გამოფენა 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

სიახლეების გამოწერა
თქვენ წარმატებით გამოწერეთ ჩვენი სიახლეები